ვლადიმერ ვაისი - ვეცდებით, ლატვიასთან მატჩში გულშემატკივართა იმედები გავამართლოთ
ვლადიმერ ვაისი - ვეცდებით, ლატვიასთან მატჩში გულშემატკივართა იმედები გავამართლოთ

ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა ხვალ გაიმართება. საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ ლატვიას უმასპინძლებს. მატჩამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა, რომლსაც გუნდის ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილიც ესწრებოდა.

„ვეცდებით  ლატვიასთან გულშემატკივრების იმედი გავამართლოთ და მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ. ლატვია მარტივი მეტოქე არ არის, კარგად არის ორგანიზებული და დაცვით ფეხბურთს თამაშობს. ჩვენი ამოცანაა, რომ მის დაცვას გასაღები მოვუძებნოთ და გულშემატკივარი გავახაროთ”, – განაცხადა ვაისმა.

კითხვა დაისვა ხვალ თამაშის წინ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებითაც, რომელზეც ვაისმა აღნიშნა, რომ გურამ კაშია გუნდის გამორჩეული მოთამაშეა.

„კაშია საუკეთესო ადამიანი და ჩვენი გუნდის გამორჩეული მოთამაშეა. იმედია, ხვალ ყველაფერი კარგად წარიმართება, ჩვენ კი გურამს გვერდით ვუდგავართ. ახლა ჩვენი საზრუნავი არის მხოლოდ და მხოლოდ თამაში და ფეხბურთი”, – განაცხადა ვაისმა.

როგორც ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა აღნიშნა, მთელი გუნდი გურამ კაშიას გვერდით უდგას.

„ჩვენ გურამს მთელი გუნდი გვერდით ვუდგავართ და მხარს ვუჭერთ. 9 სექტემბერს საქართველოსა  და ლატვიის თამაშია. მხოლოდ და მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ, რომ ერთა ლიგაზე მეორე თამაშიც მოვიგოთ. ჯგუფში გავხდეთ ლიდერები და გულშემატკივარი გავახაროთ”, – განაცხადა ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა.