ერთა ლიგაზე მესამე ადგილი ინგლისმა დაიკავა (ვიდეო)

ერთა ლიგის ფინალურ ტურნირზე მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა, რომელშიც პენალტების სერია გახდა საჭირო გამარჯვებულის გამოსავლენად.

ინგლისმა და შვეიცარიამ 120 წუთი უგოლოდ ჩაატარეს, მიუხედავად იმისა, რომ გარეტ საუთგეიტის გუნდს ჰქონდა უპირატესობა: დარტყმებში – 15:11, ზუსტ დარტყმებში – 6:2, კუთხურებში – 9:3.

პენალტების სერიაში ორივე გუნდი დამაჯერებლად გამოიყურებოდა – მათ ხუთ-ხუთი 11-მეტრიანი გამოიყენეს. ინგლისელთა მხრიდან მეექვსე დარტყმა ერიკ დაიერმა გაიტანა, შვეიცარიის მხრიდან პენალტი გააფუჭა იოსიპ დრმიჩმა და ინგლისი ერთა ლიგის მესამე პრიზიორი გახდა. პენალტების სერიის გმირი ინგლისელთა მეკარე ჯორდან პიკფორდი გახდა, რომელმაც ჯერ თავისი გუნდის მეხუთე პენალტი გაიტანა, შემდეგ კი დრმიჩის დარტყმა მოიგერია.

ტურნირის ფინალში, რომელიც თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთხე დაიწყება, მასპინძელი პორტუგალია და ჰოლანდია ითამაშებენ.