ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ვარჯიში განაახლა
ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ვარჯიში განაახლა

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა საწვრთნელი პროცესი აღდგინა. კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ პოსტპანდემიურ პერიოდში ნაკრები გუნდებისთვის საწვრთნელი პროცესის სპეციალური გეგმა შეიმუშავა. პროგრამაში გათვალისწინებულია ის მოთხოვნები და რეგულაციები, რომლებიც შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში ვარჯიშისთვის დააწესა.

აღნიშნული პროგრამა მიზნად საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების კანდიდატი მოთამაშეებისთვის სპორტული ფორმის შენარჩუნებას და მათ მაქსიმალურ ხელშეწყობას ისახავს. საწვრთნელ პროცესს როგორც ეროვნული ასევე ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები გაუძღვებიან. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ შემუშავებული პროგრამა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დადებითად შეაფასა და ვარჯიშების დადგენილი წესით განახლებისთვის წერილობითი თანხმობა გასცა.