ეროვნული საფეხბურთო ლიგის სიახლეები | „იბერია“ ირაკლი სიხარულიძემ დატოვა, „სამგურალმა“ სეზონისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
ირაკლი სიხარულიძემ საქართველოს ჩემპიონი „იბერია“ დატოვა. ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირს კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და თანამშრომლობა აღარ გაგრძელდა.
სიხარულიძე თბილისურ გუნდში 2022 წლიდან თამაშობდა. ამ პერიოდში 142 მატჩში 29 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. სწორედ მისი გოლით „იბერია“ 2023 წელს საქართველოს თასის მფლობელი გახდა, ხოლო 2024 და 2025 წლებში გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობაც იზეიმა. მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, 35 წლის თავდამსხმელი ბოლო პერიოდში იშვიათად იღებდა სათამაშო დროს და საბოლოოდ კლუბი დატოვა.
2025 წლის 7 მაისს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურში „იბერიის“ თავდამსხმელმა ბათუმის „დინამოს“ გასვლით შეხვედრაში გაუტანა და ეროვნული ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
34 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე ამ დროისთვის 128 გოლია – მან ჯერ დავით ჯანაშიას (124) და გია მეგრელაძეს (126) გადაასწრო, შემდეგ კი ჯაბა დვალსაც (127) აჯობა და საუკეთესო სამეულში შევიდა. სიხარულიძის წინ მხოლოდ ლევან ხომერიკი (140) და ზურაბ იონანიძე (216) არიან. სიხარულიძე 2017 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (25 გოლი), ხოლო 2020 წელს ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ეროვნული ლიგის გუნდებიდან ახალი სეზონისთვის მზადება პირველმა წყალტუბოს „სამგურალმა“ დაიწყო, რომელიც ჩემპიონატს განახლებული შემადგენლობით შეხვდება.
გუნდს დაუბრუნდა მეკარე ლუკა კუტალაძე, რომელმაც გასული სეზონი საგარეჯოს „გარეჯში“ იჯარით გაატარა. ასევე „სამგურალს“ შეუერთდა 21 წლის თავდამსხმელი გიორგი თოფურია, რომელიც მანამდე „ორბში“ თამაშობდა. წყალტუბოელებმა საგარეჯოს „გარეჯიდან“ კიდევ ორი ფეხბურთელი დაიმატეს – გიორგი გოგოლაშვილი და ლევან პაპავა. ამას გარდა, გუნდში ითამაშებენ „დინამო თბილისის“ ნახევარმცველი ცოტნე ბერელიძე და აზერბაიჯანიდან დაბრუნებული ოთარ აფციაური. ბრაზილიელი ლეგიონერები – ჟან კარლოსი, პაბლო რიანი და კლაუდიო ჟუნიორი, ასევე ტაჯიკი ალიჯონი აინი გუნდს მოგვიანებით შეუერთდებიან.
ყველა ახალწვეული უკვე შეკრებაზე იმყოფება და გუნდთან ერთად წლის პირველ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წყალტუბოს საფეხბურთო ბაზაზე გაიმართა.