ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „იბერიისა“ და „ტორპედოს“ მატჩი ფრედ დასრულდა, ბათუმის „დინამომ“ „სამგურალი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ერთმანეთს ჩემპიონატის ფავორიტები დაუპირისპირდნენ – თბილისის „იბერიამ“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.
ანგარიში ქუთაისელებმა სწრაფად გახსნეს – დიეგო დეისაძემ მცველს აჯობა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტად დაარტყა. 44-ე წუთზე „იბერიის“ თავდამსხმელმა, პაატა ღუდუშაურმა წონასწორობა აღადგინა.
„იბერიამ“ 12 ტურის შემდეგ 22 ქულა დააგროვა და ლიდერობა შეინარჩუნა, ქუთაისის „ტორპედო“ (17) კი მე-4 პოზიციაზეა.
ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები ნიკა კალანდარიშვილმა, მამუკა კობახიძემ და გიორგი კოხრეიძემ გაიტანეს, წყალტუბოელთაგან კი თავი ლევან პაპავამ გამოიჩინა.
ბათუმის „დინამოსა“ და „სამგურალს“ 14-14 ქულა აქვთ და მეექვსე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებენ.
ტურის დარჩენილი შეხვედრები 11 მაისს გაიმართება – 19:00 საათზე „მიხეილ მესხი 2“-ზე „სპაერი“ „გაგრას“ უმასპინძლებს, ხოლო 21:00 საათზე, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ „რუსთავი“ „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება.