ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „იბერიამ“ მოიგო და ლიდერობა შეინარჩუნა - „დილა“ საკუთარ მოედანზე დამარცხდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-16 ტური გორში გამართული შეხვედრით გაგრძელდა. „დილამ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.
გორელებიდან თავი ბლანკსონ ანოფმა (15) და შოთა შეყილაძემ (45+4) გამოიჩინეს, ხოლო სტუმრებიდან გოლები ველისოლმა (43 – პენალტი), კლაუდიო სებოლინიამ (55) და ვინისიუსმა (90) გაიტანეს.
„პეტრიაშვილი არენაზე“ „რუსთავმა“ „სპაერს“ 2:1 სძლია. მასპინძლები 29-ე წუთზე ჟან სოუზა დე ალმეიდამ დააწინაურა. „სპაერმა“ წონასწორობა 64-ე წუთზე გიორგი ცეცხლაძის დარტყმით აღადგინა, მაგრამ რუსთაველებს ავთანდილ გუჯაბიძემ (82) გამარჯვება მოუტანა.
ტურის მთავარი მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა – მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. „იბერია“ მოედანზე დისკვალიფიცირებული მთავარი მწვრთნელის, გუგა ნერგაძის ნაცვლად, თემურ ბაგრატიონმა გაიყვანა. შეხვედრის ერთდერთი გოლი 25-ე წუთზე ვახო ბედოშვილმა ფლანგური გადაცემის შემდეგ გაიტანა.
„იბერიამ“ 30 ქულა დააგროვა და ლიდერობა შეინარჩუნა, მეორე-მესამე ადგილებს 26-26 ქულით ქუთაისის „ტორპედო“ და „რუსთავი“ ინაწილებენ.
ტურის დარჩენილი ერთი მატჩი 30 მაისს წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში გაიმართება – 14:00 საათზე ტყიბულის „მეშახტე“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს.