ეროვნული ლიგის ყველაზე პატარა კაპიტანი 16 წლისაა - „საბურთალომ“ გასვლაზე ბავშვებით დაკომპლექტებული ტორპედო დაამარცხა (ვიდეო)

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 31-ე ტური წყალტუბოში გამარული შეხვედრით დაიწყო – ქუთაისის „ტორპედომ“ მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

ქუთაისელთა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები დავალიანების გასტუმრებამდე ვარჯიშსა და თამაშზე უარს აცხადებენ. ტური რომ არ ჩაეგდოთ, „ტორპედოს“ მთავრმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე თბილისელებს დუბლშემადგენლობა დაუპირისპირა.

ამ შეხვედრაში საინტერესო ამბავი მოხდა: ქუთაისელთა კაპიტანი 16 წლის მეკარე დავით ასათიანი იყო, რომელიც ისტორიაში უკვე შევიდა – ეროვნული ლიგის გათამაშების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა გახლდათ, როდესაც გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით არასრულწლოვანმა ფეხბურთელმა გაიყვანა. სხვათა შორის, 16 წლის ასათიანი ერთი თვის წინ, 5 სექტემბერს გახდა.

სკოლის მოსწავლეებით დაკომპლქტებული „ტორპედო“ მოქმედ ჩემპიონს პირველ ტაიმში უძალიანდებოდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში „საბურთალომ“ მაინც გაიტანა: 48-ე წუთზე, ნიკა მალის ფლანგური გადაცემის შემდეგ ქუთაისელთა მცველმა გიორგი აბზიანიძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა – 0:1.

სამ წუთში სტუმრებს ამგარიშის გაზრდის რეალური შანსი მიეცათ, როდესაც ქუთაისელთა საჯარიმოში სანდრო ალთუნაშვილის წაქცევისთვის მთავარმა არბიტრმა პენალტი დანიშნა, მაგრამ ნიკა სანდოხაძის დარტყმული ეროვნული ლიგის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანმა მოიგერია და გუნდი გადაარჩინა. აღსანიშნავია, რომ დათო ასათიანმა „საბურთალოს“ წინააღმდეგ მეორე ითამაშა და ორი პენალტი მოიგერია. პირველად ეს 16 სექტემბერს თბილისში მოხდა, როდესაც შეხვედრის ბოლო წამებზე ოგნიენ როლოვიჩს აჯობა.

„საბურთალომ“ მეორე გოლი მაინც გაიტანა: მე-60 წუთზე გეგა დიასამიძემ საჯარიმო დარტყმა ეფექტურ გოლად აქცია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „საბურთალომ“ 0:2 მოიგო, 31 ტურის შემდეგ 60 ქულა დააგროვა და ლიდერებთან. ბათუმის „დინამოსთან“ (62 ქულა) და თბილისის „დინამოსთან“ (62 ქულა) ჩამორჩენა მინიმალურამდე შეამცირა. მეოთხე და მეხუთე ადგილებზე „ლოკომოტივი“ და „ტორპედო“ არიან, რომლებსაც 40-40 ქულა აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ ტურებში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სარტურნირო ცხრილში პირველი სამეული აღარ შეიცვლება და საპრიზო ადგილებს „დინამო თბილისი“, „დინამო ბათუმი“ და „საბურთალო“ გაინაწილებენ.