ეროვნული ლიგის სიახლეები | „რუსთავი“ თურქეთში გაემგზავრა, ბათუმის „დინამომ“ ბრაზილიელი შემტევი წარადგინა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ თურქეთის ქალაქ ბოლუში გაემგზავრა, სადაც საზაფხულო შეკრებას გაივლის.
გია ცეცაძის გუნდს შეკრებაზე სამი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი: 11 ივნისს „რუსთავი“ თურქეთის მეორე ლიგის „ეროკსპორტს“ დაუპირისპირდება, ხოლო 16 ივნისს – თურქეთის სუპერლიგის „ქორუმს“. მესამე მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამჟამად თურქულ შეკრებაზე „რუსთავის“ შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ახალწვეულია – გიორგი ქსოვრელი. კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გუნდს მომდევნო დღეებში შეუერთდება.
ბათუმის „დინამომ“ მორიგი ახალწვეული წარადგინა – ბრაზილიელი მარცხენა გარემარბი პაულო ვიტორი. მის ტრანსფერთან დაკავშირებით „პორტიმონენსესთან“ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და ფეხბურთელმა კლუბთან ხელშეკრულება 2028 წლის ბოლომდე გააფორმა.

„მიხარია, რომ ისეთი ისტორიული კლუბის ნაწილი გავხდი, როგორიც ბათუმის „დინამოა“. ჩემი სურვილია, ამ მაისურით რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო“, – განაცხადა ბათუმელთა ახალწვეულმა.
ფეხბურთელი ბრაზილიური „ვასკო და გამას“ აღზრდილია და პროფესიული კარიერაც სწორედ ამ კლუბში დაიწყო. მოგვიანებით პაულო ვიტორმა ესპანურ „ალბასეტესა“ და „ვალიადოლიდში“, პორტუგალიურ „რიუ ავესა“ და „პორტიმონენსეში“, ბრაზილიურ „კრუზეიროსა“ და უკრაინულ „კარპატიში“ ითამაშა.
გარდა ამისა, პაულო ვიტორს ტულონის საერთაშორისო ტურნირზე ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში სამი შეხვედრა აქვს ჩატარებული. ის „დინამოს“ თურქულ შეკრებაზე უკვე შეუერთდა და სეზონის განახლებისთვის გუნდთან ერთად აქტიურად ემზადება.