ეროვნული ლიგის შეხვედრა მეორე არხზე - მაყურებელი დინამო ჩიხურას დაპირისპირებას იხილავს
ეროვნული ლიგის შეხვედრა მეორე არხზე - მაყურებელი დინამო ჩიხურას დაპირისპირებას იხილავს

დღეს ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 32-ე ტურის მატჩები იწყება. ჩემპიონატი ფინიშს უახლოვდება, დარჩენილია ხუთი ტური და ქულებს ოქროს ფასი დაედება.

დღეს, „მიხეილ მესხი 2“-ზე ქვემო ქართლის დერბი გაიმართება. „რუსთავი“ 19:00 საათზე ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლებს. ორივე გუნდი პლეი-აუტში მოხვედრის საფრთხის წინაშე დგას, „რუსთავი“ 30 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო „სიონი“ მე-8 ადგილზეა და მეტოქეს ორი ქულით ჩამორჩება, მოგებული კი კონკურენტს გადაასწრებს.

შაბათს, 10 ნოემბერს, ორი შეხვედრა გაიმართება – პლეი-აუტში მოხვედრის საფრთხე ბოლომდე არც „ლოკომოტივს“ აურიდებია, რომელიც გათამაშების ლიდერ „საბურთალოს“, 17:00 საათზე, „მიხეილ მესხი 2“ -ზე უმასპინლებს.

გორის „თენგიზ ბურჯანაძეზე“ კი „დილა“ 19:00 საათზე ფოთის „კოლხეთს“ მიიღებს, რომელიც ეროვნულ ლიგაში დარსარჩენად ბოლო შანსის გამოყენებას შეეცდება.

ტური კვირას, 11 ნოემბერს დასრულდება. „სამტრედია“, რომელსაც პლეი-აუტის ზონაში ჩარჩენის დიდი შანსი აქვს, ზესტაფონის „დავით აბაშიძეზე“ 15:00 საათზე ქუთაისის “ტორპედოს” შეხვდება. მოქმედი ჩემპიონს სამეულში მოსახვედრად მოგება სჭირდება.

ტური „დინამო არენაზე“ ცენტრალური შეხვედრით დასრულდება – მეორეადგილოსანი თბილისის „დინამო“ 18:00 საათზე მე-4 ადგილზე მყოფ საჩხერეს „ჩიხურას“ მიიღებს – მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს მეორე არხი შემოგთავაზებთ.