ეროვნული ლიგის სეზონის ბოლო მატჩში „დინამო თბილისმა“ „საბურთალო“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის სეზონის ბოლო მატჩში „დინამო თბილისმა“ „საბურთალო“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის ბოლო მატჩში „დინამო თბილისმა“ სტუმრად „საბურთალო“ 3:0 დაამარცხა.

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ თბილისური კლუბების დაპირისპირების პირველი ნახევარი 0:0 დასრულდა. ანგარიში 53-ე წუთზე „დინამოს“ კაპიტანმა, დავით სხირტლაძემ გახსნა.

ამ მატჩის ინტრიგა იყო, მოახერხებდა თუ არა ზორან მარუშიჩი გატანას და ლიგის ორი საუკეთესო ბომბარდირის, ჯოვინო ფლამარიონის (17 გოლი) და ზურაბ მუსელიანის (17) გადასწრებას.

„დინამოს“ სერბმა თავდამსხმელმა რეალური საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა, მაგრამ 66-ე წუთზე თავისი შანსით მაინც ისარგებლა, როცა  მეკარესთან პირისპირ დავით კობოურმა დატოვა. მარუშიჩმა მე-17 გოლი გაიტანა და კონკურენტებთან ერთად ბომბარდირთა სამეული დააკომპლექტა.

შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 90+2-ე წუთზე ნიკა უგრეხეიძემ დააფიქსირა. „დინამომ“ ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონი 71 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა.

„საბურთალო“ (51) მე-6 პოზიციაზე დარჩა და ევროსაგზურის მოპოვებას 6 დეკემბერს საქართველოს თასის ფინალში ბათუმის „დინამოსთან“ შეეცდება.