ეროვნული ლიგის სექტემბრის საუკეთესოები | მწვრთნელებში დიამანტის ვავალისი გამოარჩიეს, ფეხბურთელებში – თორნიკე კირკიტაძე #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა სექტემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელი და მოთამაშე დაასახელა და მათ კუთვნილი ჯილდოები გადასცა.
ეროვნული ლიგის შემოდგომის პირველ თვეში მწვრთნელებიდან დიამანტის ვავალისი გამოარჩიეს – გორის „დილას“ ბერძენი სპეციალისტი, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა 5 მატჩი ჩაატარა: 3 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთი წააგო. ჯილდოს კანდიდატი იყო ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილიც, რომლის გუნდმაც სექტემბერში გამართული 4 მატჩიდან 3 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.
სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად კი თორნიკე კირკიტაძე დაასახელეს. ბათუმის „დინამოს“ 30 წლის ფეხბურთელმა სამი გოლი გაიტანა და სამივე გადამწყვეტი გამოდგა – კონკურენტ „რუსთავთან“ (1:0), მოქმედ ჩემპიონ „იბერიასთან“ (2:0) და ქუთაისის „ტორპედოსთან“ (3:2).