ეროვნული ლიგის მატჩებამდე ლეგენდის ხსოვნას პატივი მიაგეს
ეროვნული ლიგის მატჩებამდე ლეგენდის ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს საქართველოს ეროვნულ ლიგაში ორი გადადებული მატჩი გაიმართა. თბილისის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო, ბათუმის „დინამო“ კი თბილისის „ლოკომოტივს“ მასპინძლობს.

ორივე თამაშის დაწყებამდე მოთამაშეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ფეხბურთის ლეგენდის, დიეგო არმანდო მარადონას ხსოვნას, რომელიც 60 წლის ასაკში 25 ნოემბერს გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ლიდერი, მსოფლიოს ჩემპიონი მარადონა 2010 წლის ოქტომბერში საქართველში იმყოფებოდა და მეგობრების ნაკრებთან ერთად საქართველოს ვეტერანთა ნაკრებს შეხვდა.

ფეხბურთელობის პერიოდში დიეგო იცავდა „არგენტინოს ხუნიორსის“, „ბოკა ხუნიორსის“, „ბარსელონას“, „ნაპოლის“, „სევილიასა“ და „ნიუელს ოლდ ბოისის“ ღირსებას. საკლუბო კარიერის განმავლობაში მან ითამაშა 492 მატჩი და 258 გოლი გაიტანა. არგენტინის ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 91 მატჩში კი 34 გოლი გაიტანა.