ეროვნული ლიგის კლუბების ტრანსფერები | „დინამო თბილისმა“, „იბერიამ“ და „დილამ“ ახალი ფეხბურთელები დაიმატეს #1TVSPORT

13:05, 22.01.2026

თბილისის „იბერიამ“ კიდევ ორი ახალწვეული წარადგინა.​ საქართველოს ჩემპიონმა ქუთაისის „ტორპედოდან“ ირაკლი ბიძინაშვილი დაიმატა, ფოთის „კოლხეთიდან“ კი გუნდს აკაკი გიუნაშვილი შეუერთდა.

ბიძინაშვილი „იბერიის“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და პროფესიული კარიერაც თბილისური კლუბის მაისურით დაიწყო. ეროვნულ ლიგაში „იბერიის“ ფორმით 44 მატჩი აქვს ჩატარებული. ის სხვადასხვა დროს სომხურ „ნოაში“, ლატვიურ „იელგავაში“, გორის „დილაში“, ბათუმის „დინამოში“, ყაზახურ „ჟენისსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“ გამოდიოდა.

20 წლის ცენტრალური მცველი აკაკი გიუნაშვილი ბოლოს ფოთის „კოლხეთის“ ღირსებას იცავდა, მანამდე კი იტალიურ „ფროზინონეში“ ასპარეზობდა. გიუნაშვილი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრია.

„დინამო თბილისმა“ ოფიციალურად დაადასტურა 22 წლის ბრაზილიელი მცველის, ლეონარდუ სანტუშის ტრანსფერი – კლუბსა და ფეხბურთელს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ფლამენგოსა“ და „კორინთიანსის“ აღზრდილი ფეხბურთელი ასევე „ატლეტიკო მინეიროს“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, ბოლოს კი „ეშტორილის“ 23-წლამდელთა გუნდში გამოდიოდა.

გორის „დილამ“ 23 წლის კანადელი გარემარბი ტრეივონ ფულერი დაიმატა, მას თამაში შეტევის ორივე ფლანგზე და ცენტრფორვარდადაც შეუძლია.

ფულერმა პროფესიული კარიერა პორტუგალიაში დაიწყო. მისი პირველი კლუბი „სან პედრო“ იყო, საიდანაც ჯერ პორტუგალიის მეორე ლიგის „ლეიშოეში“ გადავიდა, შემდეგ კი პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბის, „ტონდელას“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი