ეროვნული ლიგის გვერდი ახალ სახელზე - გადაწყვეტილებით ძალიან ვამაყობთ, რადგან ჩვენი მიზანი და სტრატეგია კომერციალიზაციაა
საქართველოს ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებები ახალი სახელწოდებით ჩატარდება. ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატს ახალი მთავარი პარტნიორი ჰყავს. 2019 წლის საფეხბურთო სეზონიდან, კომპანია კრისტალბეთი ეროვნული ლიგის ოფიციალური წარმდგენი იქნება და ორ მთავარ ლიგას ეწოდება კრისტალბეთ ეროვნული ლიგა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2.
„ეროვნული ლიგა, გულწრფელად ამაყობთ ამ ნაბიჯით? ქვეყნის უმაღლეს ჩემპიონატს რატომ უნდა ერქვას რომელიღაც ტოტალიზატორის სახელი?“ – ეს კითხვა ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდზე დასვეს.
ეროვნული ლიგის გვერდმა ეს კითხვა უპასუხოდ არ დატოვა.
„ამ გადაწყვეტილებით ძალიან ვამაყობთ, რადგან კომერციალიზაცია ლიგის მთავარი მიზანი და სტრატეგიაა, ნებისმიერი სახის ინვესტიცია კი ლიგის მეტ განვითარებას შეუწყობს ხელს. სახელთან თუ გაქვთ პრობლემა, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ინგლისის, ჩეხეთის, უკრაინის, სლოვაკეთის, ფინეთის, აზერბაიჯანის და ა.შ. ლიგები, მათი სახელები, სასპონსორო ხელშეკრულებები“ – წერია ლიგის ოფიციალურ გვერდზე.