ეროვნული ლიგა | ტურის ცენტრალურ მატჩში „იბერიამ“ „ტორპედო“ დაამარცხა – შეხვედრას ვილი სანიოლი დაესწრო #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | ტურის ცენტრალურ მატჩში „იბერიამ“ „ტორპედო“ დაამარცხა – შეხვედრას ვილი სანიოლი დაესწრო #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-2 ტური თბილისსა და თელავში გამართული შეხვედრებით დაიწყო, რომლებშიც მასპინძლებმა გაიმარჯვეს.

ტურის ცენტრალურ მატჩს „მიხეილ მესხმა“ უმასპინძლა. მოქმედმა ჩემპიონმა, „იბერიამ“ ვიცე-ჩემპიონი ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და 2:0 დაამარცხა.

შეხვედრას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ესწრებოდა. დაძაბულ თამაშში ანგარიში 39-ე წუთზე გაიხსნა – იური ტაბატაძის და ლუკა სილაგაძის მიერ განვითარებული შეტევა ირაკლი სიხარულიძემ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და „იბერია“ დააწინაურა.

მეორე ტაიმში თბილისელებმა უპირატესობა 65-ე წუთზე გაზარდეს. მარჯვენა ფლანგიდან სილაგაძემ ზუსტად ჩააწოდა, ქუთაისელთა ლეგიონერმა, ერიკ პიმენტელმა კი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რითიც ანგარიში 2:0 გახდა.

ამავე დროს „კავკასიონი არენაზე“ „თელავმა“ ფოთის „კოლხეთი“ მიიღო და ტატო ჟივიძის მიერ 58-ე წუთზე გატანილი გოლით ახალ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.

ორი ტურის შემდეგ „იბერიამ“ 6 ქულა დააგროვა და გათამაშების ლიდერია. ტურის დარჩენილი შეხვედრები 6 მარტს გაიმართება.

6 მარტი, ხუთშაბათი
თბილისი, დავით პეტრიაშვილი
17:00 | „გაგრა“ – „დილა“

თბილისი, დინამო არენა
19:00 | „დინამო თბილისი“ – „სამგურალი“

თბილისი, მიხეილ მესხი 2
20:00 | „გარეჯი“ – „დინამო“ (ბთ)