ეროვნული ლიგა | თბილისის „დინამომ“ „გაგრა“ დაამარცხა და გათამაშების ლიდერი გახდა #1TVSPORT

17:28, 05.04.2025

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის მეხუთე ტური თბილისში გამართული მატჩით დაიწყო — „გაგრამ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა.

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ ჩატარებულ დაპირისპირებაში „დინამო“ უპირატესობას პირველივე ტაიმში დაეუფლა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ნიკა ნინუას (19) და ლეო ასუნსაუს (25) გოლებით 2:0 დაწინაურდა.

მეორე ტაიმში „გაგრის“ 17 წლის თავდამსხმელმა, ილია კაციაშვილმა ორ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მე-80 წუთზე მოედნიდან გააძევეს. „დინამომ“ კი უპირატესობა ვახტანგ სალიას (86) და თემურ ოდიკაძის (89) გოლებით გაზარდა.

საბოლოოდ, დედაქალაქურმა კლუბმა გამარჯვებით 11 ქულა დააგროვა და კონკურენტების თამაშების მოლოდინში სატურნირო ცხრილის ლიდერი გახდა.

მსგავსი