ეროვნული ლიგა - სამტრედია 3-5 დილა
ეროვნული ლიგა - სამტრედია 3-5 დილა

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე, გაიმართა ეროვნული ლიგის 24-ე ტურის შეხვედრა „სამტრედიასა“ და გორის „დილას“ შორის. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოოდ გორელების გამარჯვებით, 3-5 დასრულდა.

ანგარიში სტუმრებმა 28-ე წუთზე გახსნეს, როდესაც ლეანდრო რიბეიროს პასით მიკოლა კოვტალიუკმა ისარგებლა და ბურთი სამტრედიელთა კარში გაგზავნა.

პირველ ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა, მეორეში კი, 47-ე წუთზე, გორელებმა ანგარიში გაზარდეს. ამჯერად მიკოლა კოვტალიუკმა იკისრა ასისტენტობა და ლეანდრო რიბეიროს ვალი დაუბრუნა – 2-0.

მე-60 წუთზე სამტრედიელებმა ანგარიშის შემცირება მოახერხეს, როდესაც ბექა ტუღუშმა ოლეგ მამასახლისის პასი შეირგო, თუმცა გორელებმა ორბურთიანი უპირატესობა 72-ე წუთზე აღადგინეს – თავი ისევ რიბეირომ გამოიჩინა.

მატჩის ბოლო 10 წუთი ძალიან დრამატული გამოდგა: 81-ე და 85-ე წუთებზე სამტრედიელებმა ორი გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს – ჯერ გიორგი ერისთავმა გამოიყენა თერთმეტმეტრიანი, ხოლო შემდეგ ჯაბა ლიპარტიამ არ დაუტოვა მეკარეს შანსი.

მატჩი თითქოს ლოგიკური დასასრულისკენ მიდიოდა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში გორელებმა კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს და მატჩი ანგარიშით 5-3 მოიგეს – გოლები გაიარა ჯუფმა და მიკოლა კოვტალიუკმა გაიტანეს.

ამ შედეგით გორელებს 42 ქულა გაუხდათ და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი განიმტკიცეს, ხოლო სამტრედიელებს 13 ქულა აქვთ და გასავარდნ ზონაში იმყოფებიან.

ხვალ, 15 სექტემბერს, თბილისის “ლოკომოტივი” ბოლნისის “სიონს” მიიღებს, ხოლო კვირას, 16 სექტემბერს, დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართება: “რუსთავი” თბილისის “მიხეილ მესხზე” 18:00 საათზე ფოთის “კოლხეთი 1913”-ს შეხვდება, ხოლო ქუთაისის “ტორპედო” საკუთარ არენაზე საჩხერეს “ჩიხურას” 20:00 საათზე დაუპირისპირდება.

ტურის ცენტრალურ შეხვედრას “დინამო-არენა” უმასპინძლებს – მეორეადგილოსანი თბილისის “დინამო” გათამაშების ლიდერს, “საბურთალოს” მიიღებს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ ტელეტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.