ეროვნული ლიგა | „სამგურალმა“ გასვლაზე „თელავს“ სძლია #1TVSPORT
„თელავმა“ 11-მატჩიანი მოუგებელი სერია ვერ შეწყვიტა – გუნდმა „კავკასიონი არენაზე“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.
ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი სწრაფი გოლი გაიტანა გიორგი ფანცულაიამ, რომელმაც მე-20 წამზე „სამგურალის“ პირველივე შეტევა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა.
მართალია, ნიკა ცეცხლაძემ წონასწორობა მალე (15′) აღადგინა, მაგრამ ფანცულაიამ (35′) დუბლი შეასრულა და გუნდი ისევ დააწინაურა. მან მიმდინარე სეზონში უკვე მე-7 გოლი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ მან ბოლო სამი ბურთის გატანა ლუკა ხორხელის გადაცემით მოახერხა. საბოლოო ანგარიში 68-ე წუთზე ვინისიუსმა დააფიქსირა.
„სამგურალს“ 76-ე წუთზე ომარ პატარკაციშვილი გაუძევეს და სტუმრებმა თამაში 10 მოთამაშით დაასრულეს, მაგრამ თავი კარგად დაიცვეს, მორიგი გამარჯვებით 18 ქულა დააგროვეს და სეზონის პირველი ნახევარი მე-7 პოზიციაზე დაასრულეს, „თელავი“ (12) კი ბოლო ადგილზეა.