ეროვნული ლიგა | საგარეჯოს „გარეჯი“ საშინაო თამაშებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს #1TVSPORT

09:48, 25.02.2025

28 თებერვალს სტარტს აიღებს საქართველოს ახალი ეროვნული ჩემპიონატი. პირველი ტურის პირველი შეხვედრა პარასკევს, 28 თებერვალს „მიხეილ მესხი – არენაზე“ გაიმართება, სადაც მოქმედი ჩემპიონი თბილისის „იბერია“ „თელავს“ უმასპინძლებს.

2025 წლის სეზონში „მიხეილ მესხის“ მთავარ და სათადარიგო სტადიონზე ეროვნული ჩემპიონატის ბევრი შეხვედრა გაიმართება. ეროვნული ლიგის 10 გუნდიდან ორმა, თბილისის „იბერიამ“ და საგარეჯოს „გარეჯმა“, საშინაო არენად „მიხეილ მესხი“ და „მიხეილ მესხი 2“ მიუთითა. საგარეჯოს სტადიონი ხელოვნურსაფრიანია, მთავარ ქართულ ლიგაში კი მხოლოდ ბუნებრივსაფრიან მოედანზე თამაშია ნებადართული. ამიტომ „გარეჯი“ საშინაო მატჩებს თბილისში, „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართავს.

„გაგრა“ კვლავ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ითამაშებს.

„სამგურალი“ „26 მაისის“ სახელობის სტადიონის მოწესრიგებამდე წყალტუბოში, ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრში ჩაატარებს თამაშებს, ხოლო ფოთის „კოლხეთი“ ერთწლიანი პაუზის შემდეგ „ფაზისზე“ დაბრუნდება. „თელავი“ გუნდებს „კავკასიონი არენაზე“ უმასპინძლებს, რადგან გივი ჩოხელის სახელობის ახლადგარემონტებულ სტადიონზე მინდვრის საფარი მოსაწესრიგებელია.

ქუთაისის „ტორპედოს“, „დინამო თბილისის“, „დილასა“ და ბათუმის „დინამოსთვის“ არაფერი იცვლება – „ტორპედო“ „რამაზ შენგელია არენაზე“ ითამაშებს, „დინამო თბილისი“ – „დინამო არენაზე“, „დილა“ – „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“, ბათუმის „დინამო“ – „ბათუმი არენაზე“.

მსგავსი