ბათუმის „დინამო“ მეკარე როინ კვასხვაძემ დატოვა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„შენი სახელი სამუდამოდ გაჰყვება როგორც „დინამო“ ბათუმს, ასევე ქართულ ფეხბურთს. მადლობა დიდებულად ჩატარებული მატჩებისთვის, პროფესიონალიზმისთვის, ერთგულებისა და საქართველოს ჩემპიონობისთვის. წარმატებას გისურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე“, – წერია კლუბის განცხადებაში.
ბათუმის „დინამოში“ ახალი სეზონის დაწყებამდე სხვა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებიც მოხდება – ლევან ხარაბაძე ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა, დავით მუჯირი კი წყალტუბოს „სამგურალში“. კლუბიდან რამდენიმე ლეგიონერიც წავიდა: 25 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, ალბანელი უერდი მარა კარიერას ანკარის „კეჩიორენგუჩუში“ გააგრძელებს, 22 წლის გამბიელი თავდამსხმელი ბუბაკარ ტამბედუ – ესტონეთში, ტალინის „ლევადიაში“ ითამაშებს.
ბათუმის „დინამოში“ ორი ახალწვეულია – გუნდმა „დინამო თბილისიდან“ მარჯვენა გარემარბი თორნიკე კირკიტაძე დაიმატა, ხოლო „გონიოდან“ – მეკარე ლაზარე კუპატაძე.