ეროვნული ლიგა | რიკარდო კოშტა – „იბერიასთან“ მოსაგებად დიდი ბრძოლა მოგვიწევს #1TVSPORT
ეროვნულ ლიგში გათამაშების ლიდერთან, თბილისის „იბერიასთან“ მნიშვნელოვან გასვლით მატჩამდე, გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, რიკარდო კოშტამ კომენტარი გააკეთა.
„სამდღიანი მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, გუნდი ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის მზად არის. „იბერიასთან“ მატჩი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია – გვინდა, რომ პირველი ადგილისთვის მებრძოლთან ქულათა სხვაობა შევამციროთ. ეს თამაში ზოგადად საქართველოს ჩემპიონატისთვისაც დიდ მნიშვნელობას ატარებს.
თბილისურ კლუბს ძალიან კარგი მწვრთნელი და ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. მოგვიწევს ბრძოლა თითოეულ ეპიზოდში, რათა საბოლოოდ მატჩი ჩვენი გამარჯვებით დავასრულოთ და შინ ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულით დავბრუნდეთ“, – ამბობს გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელი.
ეროვნული ლიგის მე-12 ტურში გორის „დილა“ თბილისის „იბერიას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა „მიხეილ მესხი არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.