ეროვნული ლიგა | პსჟ-ის აღზრდილი კამერუნელი ფეხბურთელი ფრანკ ბამბოკი საგარეჯოს „გარეჯში“ ითამაშებს #1TVSPORT
საგარეჯოს „გარეჯმა“ „პარი სენ-ჟერმენის“ აკადემიის აღზრდილი ფრანკ ბამბოკი დაიმატა, – ინფორმაციას სამენეჯერო ინტერნეტპლატფორმა Transfermarkt-ი ავრცელებს.
ფრანკ-ივ ბამბოკი 29 წლისაა. კამერუნელი ფეხბურთელი პოზიციით საყრდენი ნახევარმცველია. იგი დაიბადა კამერუნის ქალაქ დუალაში. 13 წლის ასაკში, 2008 წელს საფრანგეთში, „პარი სენ-ჟერმენის“ აკადემიაში მოხვდა.
2015 წლის 16 ივლისს მან ესპანეთის ლა ლიგა 2-ის კლუბთან, „უესკასთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 2017 წლის ზაფხულში ნიდერლანდების ჩემპიონატის (ერედივიზიონის) როტერდამის „სპარტაში“ ჩაირიცხა, თუმცა სარეზერვო გუნდში იშვიათად ათამაშებდნენ, რის გამოც კლუბთან ხელშეკრულება გაწყვიტა.
2018 წლის თებერვალში ბამბოკი ესპანეთში დაბრუნდა და ლა ლიგა 2-ის „კორდობას“ მიაშურა, თუმცა რეგისტრაციისას პრობლემები შეექმნა და თამაშის უფლება მხოლოდ აგვისტოში მიიღო. 2019 წლის 18 იანვარს მან კონტრაქტი გაწყვიტა და ისრაელის ფეთახ-ტიკვას „მაკაბის“ მოთამაშე გახდა. იმავე წლის ზაფხულში კი პორტუგალიურ „მარიტიმუში“ გადაბარგდა.
2021 წლის 12 აგვისტოს ფრანგულ „გრენობლს“ შეუერთდა, ხოლო 2023 წლის 21 ივნისს კონტრაქტი უნგრულ „ფეჰერვართან“ გააფორმა, ნახევარ წელიწადში კი საბერძნეთის სუპერლიგის „პანეტოლიკოსს“ იჯარით შეუერთდა.
ბამბოკი საფრანგეთის 16, 17 და 18-წლამდე ასაკის ნაკრებების წევრი იყო.