ეროვნული ლიგა | პლეი ოფის პირველი მატჩები ფრედ დასრულდა - საპასუხო შეხვედრები 16 დეკემბერს გაიმართება #1TVSPORT
ბოლნისსა და თბილისში ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის პლეი ოფის პირველი მატჩები გაიმართა და ორივე ფრედ დასრულდა.
ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში ბოლნისის „სიონმა“ „გაგრას“ უმასპინძლა და 1:1 ითამაშა. ანგარიში 45-ე წუთზე მასპინძლებმა თამაზ მაქაცარიას ზუსტი დარტყმით გახსნეს. 84-ე წუთზე „გაგრამ“ სირილ ჩამბას მიერ გატანილი ბურთით გაათანაბრა – თავდამსხმელმა მასპინძელთა მეკარის შეცდომით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ასევე ფრე დასრულდა ეროვნული ლიგა 2-ის პლეი ოფის მატჩიც – „იბერია 2“-მა „ბენდელა არენაზე“ დუშეთის „არაგვს“ უმასპინძლა და – 2:2 ითამაშა.
სტუმრები გიორგი ქუქალიას (32) ავტოგოლით დაწინაურდნენ. ანგარიში გივი ხაჩიძემ პენალტით გაათანაბრა, 70-ე წუთზე გიზი მამაგეიშვილმა „იბერია 2“ დააწინაურა, ხოლო მატჩის მიწურულს გიორგი ჯანელიძემ წონასწორობა აღადგინა.
ამ გუნდების საპასუხო მატჩები 16 დეკემბერს გაიმართება.