ეროვნული ლიგა მეორე არხზე: დღეს დილა-დინამოს დაპირისპირებაა
ეროვნული ლიგა მეორე არხზე: დღეს დილა-დინამოს დაპირისპირებაა

ეროვნული საფეხბურთო ლიგის 27-ე ტური დღეს დაიწყება და სამი დღე გაგრძელდება.

ტურის პირველი შეხვედრა დღეს, ფოთის „პარკი არენაზე“ გაიმართება – ადგილობრივი „კოლხეთი 1913“ ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება, რომელმაც ეროვნულ ლიგაში ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო და სამეულს მიუახლოვდა – მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

ტურის ცენტრალურ შეხვედრას, დღეს გორის -თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს: „დილა“ თბილისის „დინამოს“ მიიღებს. ეს გუნდები გათამაშების ცხრილში მეორე-მესამე ადგილებზე არიან და ეს ე.წ. „ ექვსქულიანი” მატჩი იქნება.

ორშაბათს ორი მატჩი გაიმართება: ბოლნისის „სიონისა“ და საჩხერეს „ჩიხურას“ შეხვედრა „მიხეილ მესხი 2“-ზე 15:30 საათზე დაიწყება, ხოლო გათამაშების ლიდერი „საბურთალო“ 19:00 საათზე „მიხეილ მესხის“ მთავარ მოედანზე, ერთ-ერთ აუტსაიდერ „სამტრედიას“ მიიღებს.

ტური სამშაბათს, 2 ოქტომბერს დასრულდება: „რუსთავიც“ საშინაო მატჩს „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართავს და 15:30 საათზე თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირება.

ყველაზე დიდი ინტერესს ლიდერთა ჯგუფის თამაში იწვევს: გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ დღევანდელი შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლაციას, საზოგადოებრივი მაუწყებელის მეორე არხი, 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

ეროვნულ ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს 61- ჯერ შეხვდნენ: „დინამომ“ 44 მატჩი მოიგო, 13 ფრედ დასრულდა და 4-ჯერ გორელებმა გაიმარჯვეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი თბილისელთა სასარგებლოდაა – 158:34.

ყველაზე დიდი ანგარიშით „დინამომ“ 2005 წლის 2 აპრილს მოიგო – 9:0. „დილამ“ კი დედაქალაქელებთან პირველად 2012 წლის 15 სექტემბერს გაიმარჯვა – 2:0. ეროვნულ ლიგაში ბოლოს გუნდები 2018 წლის 5 ივლისს – „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდნენ
და თბილისელებმა მეტოქე 5:0 დაამარცხეს.