საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა – ლიდერმა „იბერიამ“ აუტსაიდერს, ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ 24-ე ტურის დაპირისპირებაში გათამაშების ლიდერმა და მოქმედმა ჩემპიონმა, „იბერიამ“ რეალური საგოლე მომენტები შექმნა, მაგრამ ვერ ისარგებლა.
„კოლხეთის“ ახალწვეულმა, ნიკა კაპანაძემ, რომელმაც კარიერა „ნიუ იორკ სიტი ორში“ დაიწყო და დუშეთის „არაგვში“ გამოდიოდა, სადებიუტო შეხვედრაში ანგარიში 73-ე წუთზე გახსნა. 90+1-ე წუთზე კი „იბერიის“ მოთამაშეების შეუთამაშებლობით დავით ფაღავამ ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
24 ტურის შემდეგ „იბერია“ 52 ქულით პირველ ადგილზე დარჩა, თუმცა ტურის მატჩის მოგების შემთხვევაში გორის „დილა“ (51) გადაასწრებს. „კოლხეთი“ (18) კვლავ მე-10 ადგილზეა, მაგრამ „თელავთან“ (19) ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.