ეროვნული ლიგა | „კოლხეთისა“ და ლიდერი „იბერიის“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთმა“ ეროვნული ლიგის მორიგ ტურში მოქმედ ჩემპიონ თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
ლევან კორღალიძის გუნდმა ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა. თბილისელთა შეტევა კაპიტანმა, გიზი მამაგეიშვილმა ზუსტად დააგვირგვინა. 37-ე წუთზე სტუმრებს უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ — იური ტაბატაძემ პენალტი დაარტყა, თუმცა მისი დარტყმული მეკარე დემეტრე ბულისკერიამ მოიგერია.
43-ე წუთზე ფოთელთა წამოწყებული შეტევა გიორგი მოისწრაფიშვილმა საჯარიმოსთან გიორგი აბუაშვილს გაუგრძელა, რომელმაც შორიდან ეფექტური და ძლიერი დარტყმით „იბერიას“ მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
შესვენების შემდეგ „კოლხეთმა“ დაწინაურება მოახერხა. 56-ე წუთზე ფლანგური გადაცემა ლადო ჩიხრაძემ ეფექტური ნახევარბრუნით („მაკრატელა“) დაასრულა და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ულამაზესი გოლის ავტორი გახდა. თუმცა 64-ე წუთზე ლუკა სილაგაძემ წონასწორობა აღადგინა.
15 ტურის შემდეგ ფოთის „კოლხეთი“ 13 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო თბილისის „იბერიამ“ (37 ქულა) ლიდერობა შეინარჩუნა და მეორეადგილოსან გორის „დილას“ 11 ქულით გაასწრო.