ეროვნული ლიგა | „იბერიამ“ საგარეჯოს „გარეჯი“ მძიმე შეხვედრაში დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მერვე ტური „მიხეილ მესხზე“ გამართული მატჩით გაგრძელდა — „იბერიამ“ საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა და გამარჯვება მატჩის ბოლოს გატანილი გოლით მოიპოვა — 2:1.
მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ლიდერი ფავორიტად მიიჩნეოდა ლიგის დებიუტანტთან, რომელიც მოედანზე თენგიზ კობიაშვილის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის რანგში რამაზ მუმლაძემ გაიყვანა. პირველ ტაიმში პროგნოზი გამართლდა და „იბერია“ დაწინაურდა.
მეხუთე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა, იური ტაბატაძემ უნაკლოდ შეასრულა და მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა. შესვენების შემდეგ საგარეჯოელებმა უპირატესობა მოიპოვეს და 52-ე წუთზე ლევან პაპავას ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრეს.
„იბერიამ“ შეტევები გააძლიერა და მიზანს მაინც მიაღწია — 89-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ ცენტრალურმა მცველმა, ივა გელაშვილმა, „გარეჯს“ გაუტანა და დედაქალაქურ კლუბს გამარჯვება მოუტანა. ამ გამარჯვებით თბილისელებმა 20 ქულა დააგროვეს და მინიმუმ მომდევნო ტურამდე ლიდერობა შეინარჩუნეს. რაც შეეხება „გარეჯს“, გუნდი 4 ქულით ბოლო ადგილზე რჩება.