ეროვნული ლიგა | „იბერიამ“ „კოლხეთთან“ ფრედ ითამაშა, „ტორპედომ“ „გაგრა“ დაამარცხა და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „იბერიამ“ „კოლხეთთან“ ფრედ ითამაშა, „ტორპედომ“ „გაგრა“ დაამარცხა და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 34-ე ტური ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდების მატჩებით დასრულდა – ქუთაისის „ტორპედომ“ „გაგრას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა, ხოლო თბილისის „იბერიამ“ ფოთის „კოლხეთი“ მიიღო და ფრეს დასჯერდა – 1:1.

„რამაზ შენგელია არენაზე“ ქუთაისის „ტორპედო“ თავიდანვე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა – მე-13 წუთზე მასპინძლების ცენტრალურმა მცველმა, ნიკა სანდოხაძემ ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.

ჩემპიონობის შანსის შესანარჩუნებლად ქუთაისელებს მხოლოდ მოგება აძლევდათ ხელს, შეუტიეს და 45+7-ე წუთზე ანგარიში გახსნეს – „გაგრის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ფელიპე პირესმა ზუსტად შეასრულა. 76-ე წუთზე კი ირაკლი ბიძინაშვილმა მეორე გოლი გაიტანა, „ტორპედოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა და ჩემპიონობის მოპოვების შანსი შეუნარჩუნა.

პარალელურად „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ მიმდინარე შეხვედრაში ქუთაისელების კონკურენტი „იბერია“ ფოთის „კოლხეთთან“ სწრაფად დაწინაურდა – თბილისელთა კაპიტანმა გიორგი კოხრეიძემ მე-7 წუთზე საჯარიმო შესანიშნავად შეასრულა და ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში ფოთელები გააქტიურდნენ, დიდი ძალებით შეუტიეს და 73-ე წუთზე შედეგსაც მიაღწიეს – ხარებავას მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ყველას გიორგი ახალაძემ დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

„იბერიას“ წინ გასვლის რეალურ შანსი მალევე ჰქონდა, მაგრამ კოხრეიძის მიერ შესრულებული პენალტი ფოთელთა მეკარე იაროსლავ კოტლიაროვმა მოიგერია.

ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „იბერიას“ 71 ქულა აქვს, „ტორპედო“ კი 67 ქულით მეორე ადგილზეა. დარჩენილ ორ ტურში ქუთაისელები სტუმრად „სამგურალს“ ხვდებიან, ხოლო საკუთრ მოედენაზე „თელავს“ მიიღებენ. რაც შეეხება „იბერიას“, თბილისელებს ჩემპიონობის მოსაპოვებლად ორი ქულა ჰყოფნით, ისინი ჯერ „გაგრას“ ხვდებიან, ხოლო  ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე „სამგურალს“ უმასპინძლებენ.

არანაკლებ დაძაბული მდგომარეობაა ცხრილი ქვედა ნაწილში, „გაგრა“ 35 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა და მერვეადგილოსან „კოლხეთს“ (35) მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით სჯობნის.

   
1 იბერია 34 22 5 7 71-44 71
2 ტორპედო 34 20 7 7 56-38 67
3 დილა 34 18 11 5 55-28 65
4 დინამო (ბთ) 34 14 10 10 41-39 52
5 სამგურალი 34 10 10 14 48-47 40
6 დინამო (თბ) 34 9 12 13 33-40 39
7 გაგრა 34 10 5 19 34-51 35
8 კოლხეთი (ფ) 34 7 14 13 43-57 35
9 თელავი 34 7 10 17 27-40 31
10 სამტრედია 34 5 12 17 31-55 27