დღეს, ეროვნულ ლიგაში 21-ე ტური წყალტუბოში დაიწყო. „სამგურალმა“ „თელავს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
წყალტუბოს „26 მაისი არენაზე“ გამართული შეხვედრის ფავორიტად „სამგურალი“ ითვლებოდა, მაგრამ ზაფხულის შესვენებაზე გაძლიერებულმა „თელავმა“ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარი უფრო საინტერესო და სანახაობრივი გამოვიდა, ანგარიში კი 75-ე წუთზე „თელავმა“ გახსნა. ირაკლი რუხაძემ კარგად ითამაშა მარჯვენა ფლანგზე, საჯარიმოში შევიდა და მირიან ჯიქია შენიშნა, რომელმაც ზუსტი თავური დარტყმით „სამგურალის“ კარი აიღო – 0:1.
21 ტურის შემდეგ წყალტუბოს „სამგურალი“ 38 ქულით ისევ მესამე ადგილზე დარჩა, „თელავი“ (17) კი მერვე ადგილზეა და „გაგრასთან“ ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა.
21-ე ტურის დანარჩენი შეხვედრები 15 აგვისტომდე ეტაპობრივად ჩატარდება. „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ დანიშნული გორის „დილასა“ და გათამაშების ლიდერის, ბათუმის „დინამოს“ შეხვედრა გადადებულია.