ეროვნული ლიგა | გორის „დილამ“ „დინამო თბილისს“ სძლია და ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-18 ტური გორში, „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართული შეხვედრით გაიხსნა. ადგილობრივმა „დილამ“ „დინამო თბილისი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
სტუმრებს მატჩში ხუთი დისკვალიფიცირებული მოთამაშე აკლდათ, რომლებიც წინა ტურში ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამართულ დაპირისპირებაში გააძევეს. თბილისელებს ვერ დაეხმარნენ კაპიტანი საბა ხვადაგიანი, თორნიკე მორჩილაძე, თემურ ოდიკაძე, ცოტნე ბერელიძე და მიხეილ მაქაცარია.
მიუხედავად მნიშვნელოვანი დანაკლისისა, „დინამომ“ პირველი ტაიმი აქტიურად დაიწყო და მე-19 წუთზე ანგარიში გახსნა. კუთხურის შემდეგ ბრაზილიელმა ლეო ასუნსეუმ მეტოქეს დაასწრო და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.
მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს. შოთა შეყილაძემ ჯერ დამატებით დროში (45+1 წთ) ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 52-ე წუთზე სტუმართა დაცვის ხაზის შეცდომით ისარგებლა და „დილა“ დააწინაურა.
მატჩის ბოლოს, 85-ე წუთზე, დაძაბულობა მოედანს გასცდა — ჯაბა კანკავასა და გორელთა ერთ-ერთ გულშემატკივარს შორის კონფლიქტი მოხდა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ტრიბუნიდან მიღებული შეურაცხყოფა ვერ მოითმინა და მთავარმა არბიტრმა მას წითელი ბარათი უჩვენა.
საბოლოოდ, გორელებმა 2:1 გაიმარჯვეს, 38 ქულა დააგროვეს და ლიდერ „იბერიასთან“ (41 ქულა) ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირეს. რაც შეეხება „დინამო თბილისს“, ის 29 ქულით მესამე ადგილზე დარჩა და შესაძლოა, პოზიცია ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვედრის შემდეგ დაკარგოს.