ეროვნული ლიგა | გორის „დილა“ მოქმედ ჩემპიონ „იბერიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | გორის „დილა“ მოქმედ ჩემპიონ „იბერიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

გორის „დილამ“ ეროვნულ ლიგაში თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა და მოქმედ ჩემპიონთან 0:1 დამარცხდა.

მე-3 ტურის დაპირისპირება, რომელსაც „თენგიზ ბურჯანაძე არენამ“ უმასპინძლა, დაძაბული იყო, თუმცა პირველ ტაიმში, ფაქტობრივად, რეალური საგოლე მომენტი არ შექმნილა.

„დილა“ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და მეტსაც უტევდა, თუმცა გატანა ვერ შეძლო. „იბერიამ“ კი შესვენებამდე მასპინძლების იერიშები შეაჩერა და დამატებულ წუთზე (45+3), სტანდარტული მდგომარეობის გათამაშების შედეგად, ანგარიში გახსნა.

ლუკა სილაგაძის შესრულებული კუთხურის შემდეგ ყველას ირაკლი სიხარულიძემ დაასწრო, სტუმრები დააწინაურა და თავადაც ეროვნულ ლიგაში უკვე 125-ე გოლი გაიტანა, რითაც ლიგის ისტორიაში ბომბარდირთა საუკეთესო ხუთეულში შევიდა.

მეორე ტაიმში „დილას“ უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა, თუმცა მასპინძლებმა თამაში ვეღარ გადაარჩინეს. სამი ტურის შემდეგ „იბერია“ ეროვნულ ლიგას უდანაკარგოდ (9 ქულა) ლიდერობს, ხოლო „დილას“ (1 ქულა) ჯერ არ მოუგია და მე-8 პოზიციაზეა.