ეროვნული ლიგა | გია გეგუჩაძე - თბილისის „იბერიაში“ ბევრი ცვლილება გველოდება #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | გია გეგუჩაძე - თბილისის „იბერიაში“ ბევრი ცვლილება გველოდება #1TVSPORT

„იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში კონკურენტ „დილასთან“ დამაჯერებელ გამარჯვებაზე (6:0) კომენტარი გააკეთა.

„მიუხედავად იმისა, რომ თამაში ნერვიულად წარიმართა და მისი მიმდინარეობისას ბევრი არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა, საკმაოდ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ „დილა“ ჯერ 10 ფეხბურთელით დარჩა, ბოლოს კი მეორე მოთამაშეც გაუძევეს.

სასიამოვნოა, რომ ჩვენმა ბიჭებმა დავალებები თავიდან ბოლომდე შეასრულეს. კარგია ისიც, რომ ჩემპიონატის ფავორიტებად მივიჩნევით. რაც შეეხება თამაშის შეცვლას, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. გარკვეული ცვლილებები უკვე შევიტანეთ, მაგრამ ეს მაინც ის გუნდია, რომელიც ახლახან ჩავიბარე. კიდევ ბევრი ცვლილება გველოდება.

ვგეგმავ თუ არა ფეხბურთელების დამატებას? ვნახოთ, ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ მოგვიწევს. ეს ახლა მოხდება თუ მოგვიანებით, ჩვენი გულშემატკივარი ამას აუცილებლად გაიგებს“, – განაცხადა გეგუჩაძემ.