ეროვნული ლიგა | „გარეჯმა“ „სამგურალს“ სძლია #1TVSPORT

21:13, 03.05.2025

საგარეჯოს „გარეჯმა“ ეროვნული ლიგის მატჩში წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და დაძაბულ, სანახაობრივ დაპირისპირებაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.

საგარეჯოელებმა თამაში შესანიშნავად დაიწყეს და მე-14 წუთზე ფრანსუა ეკონგოლოს გოლით დაწინაურდნენ. მიუხედავად მეტოქის მცდელობებისა და რამდენიმე შექმნილი მომენტის, შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმში თამაშმა კიდევ უფრო დაძაბული ხასიათი მიიღო. შეცვლაზე შესულმა გიორგი ფანცულაიამ „გარეჯის“ მცველის შეცდომით ისარგებლა და მე-60 წუთზე წონასწორობა აღადგინა.

თუმცა, უკვე ოთხ წუთში საგარეჯოელებმა სწრაფი და შედეგიანი იერიში განახორციელეს — ბადრი გოგობერიშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი გუნდის ბომბარდირმა, ლევან პაპავამ მასპინძელთა უპირატესობა კვლავ აღადგინა.

შედეგად, „გარეჯმა“ 12 ტურის შემდეგ 9 ქულა დააგროვა. მართალია, გუნდი ბოლო ადგილზე რჩება, თუმცა უშუალო კონკურენტებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. რაც შეეხება „სამგურალს“, წყალტუბოელებმა 12 ქულით მე-6 პოზიცია შეინარჩუნეს.

მსგავსი