ეროვნული ლიგის 25-ე ტური „გარეჯისა“ და „გაგრას“ შეხვედრით დასრულდა, რომელშიც საგარეჯოელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაინაწილეს – 2:2.
„დავით პეტრიაშვილის არენაზე“ გამართული დაპირისპირების პირველი ნახევარი „გარეჯმა“ კომფორტული უპირატესობით მოიგო: ანგარიში 21-ე წუთზე გიორგი გოგოლაშვილმა გახსნა, ხოლო 45+7-ე წუთზე თორნიკე ძებნიეურმა პენალტით სხვაობა გაზარდა.
„გაგრამ“ შესვენების შემდეგ თამაშის გადარჩენა სცადა და მოახერხა. შეხვედრის მთავარი გმირი მე-60 წუთზე შეცვლაზე შესული რამაზ შენგელიას შვილიშვილი, დათო გოცირიძე გახდა. მან 66-ე და 85-ე წუთებზე გაიტანა გოლები.
25-ე ტურის შემდეგ საგარეჯოს „გარეჯმა“ (23 ქულა) აუტსაიდერთა ზონას თავი ვერ დააღწია და მე-8 ადგილზე დარჩა, ხოლო „გაგრა“ (32 ქულა) მე-6 პოზიციაზეა.