სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა „დინამო თბილისისა“ და „გაგრის“ მატჩით განახლდა, რომელიც სტუმრებმა 1:0 მოიგეს.
შეხვედრა მასპინძელი „დინამოსთვის“ უიღბლოდ დაიწყო. „დინამო არენაზე“ გამართულ 24-ე ტურის შეხვედრის 44-ე წუთზე თბილისელთა ბრაზილიელი მცველი ლეო ასუნსეუ მოედნიდან ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს.
შეხვედრის ბედი მსაჯის მიერ კომპენსირებულ (90+4) დროში „გაგრაში“ გადასული „დინამოს“ თავდამსხმელის, დათო გოცირიძის წაქცევის შემდეგ გადაწყდა – არბიტრმა თბილისელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ვანდერსონ სილვამ უნაკლოდ გამოიყენა და „გაგრას“ გამარჯვება მოუტანა.
24 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“, წაგების მიუხედავად, 38 ქულით მე-3 ადგილი შეინარჩუნა, ხოლო „გაგრამ“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვებით აუტსაიდერთა ზონასთან უპირატესობა გაზარდა და ლიდერთა ხუთეულს მიუახლოვდა.