ეროვნული ლიგა | „გაგრამ“ 10 კაცით დარჩენილ ფოთის „კოლხეთთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-14 ტურის მორიგი მატჩი „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართა, „გაგრამ“ ფოთის „კოლხეთი“ მიიღო და კაცნაკლულ მეტოქესთან ქულას დასჯერდა – 1:1.
გოლები პირველი ტაიმის ბოლოს გავიდა. 38-ე წუთზე „გაგრის“ შეტევის დაგვირგვინებას ნიკა კაჭარავა ცდილობდა, ბურთი ძელს მოხვდა, მაგრამ დამატებაზე პედრო ბორჟესმა ზუსტად ითამაშა და ანგარიში გახსნა.
ფოთელებმა წონასწორობა ტაიმის ბოლო წუთზე აღადგინეს – 20 წლის ნიგერიელმა ლეგიონერმა, ტიმ ოლოკო-ობიმ ბურთი საჯარიმოსთან მიიღო, შორიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაქვითა – 1:1.
78-ე წუთზე უხეშობისთვის ბექა ხარშილაძე გააძევეს და ამით მასპინძლებს შეეძლოთ ესარგებლათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
14 ტურის შემდეგ „გაგრამ“ (15) მე-6 პოზიცია შეინარჩუნა, ხოლო „კოლხეთი“ (12) მე-9 ადგილზეა.