ეროვნული ლიგა | „დინამო თბილისმა“ „თელავს“ სძლია და სამეულს მიუახლოვდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-13 ტური „დინამო არენაზე“ გამართული მატჩით გაგრძელდა – „დინამო თბილისმა“ „თელავს“ უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში მეტოქე 2:1 დაამარცხა.
„დინამო“ პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა – 27-ე წუთზე თბილისელთა განვითარებული იერიში ვაკო გვილიამ დააგვირგვინა, ხოლო 41-ე წუთზე თბილისელთა კონტრშეტევა თორნიკე მორჩილაძემ გოლით დაასრულა.
„თელავმა“ შესვენებამდე სხვაობის მინიმუმამდე შემცირება მოახერხა – მარცხენა ფლანგიდან ტატო ჟივიძემ შეუტია, რომლის გადაცემის შემდეგ თბილისელთა კაპიტანმა, საბა ხვადაგიანმა ბურთის მოგერიება სცადა, მაგრამ საკუთარ კარში ჩაჭრა.
შესვენების შემდეგ „თელავი“ თამაშის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
„დინამო თბილისი“ 13 ტურის შემდეგ 22 ქულით ეროვნულ ლიგაში მეოთხე ადგილზეა, მაგრამ მესამეადგილოსან გორის „დილასთან“ (23) ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა, ხოლო „თელავი“ (11) მეცხრე პოზიციაზეა.