ეროვნული ლიგა | „დინამო თბილისმა“ „რუსთავი“ დაამარცხა, „გაგრამ“ და „სპაერმა“ ფრედ ითამაშეს #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში 30-ე ტური თბილისში გამართული ორი შეხვედრით დაიწყო, რომლის შედეგების მიხედვით გათამაშების ლიდერი კიდევ ერთხელ შეიცვალა.
„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდების დუელი შედგა – „რუსთავმა“ „დინამო თბილისი“ მიიღო და 0:2 დამარცხდა. მატჩის გმირი ნიკა ნინუა გახდა, რომელმაც 37-ე წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა, 62-ე წუთზე კი შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„მიხეილ მესხი 2“-ზე გადარჩენისთვის მებრძოლმა გუნდებმა ითამაშეს – „სპაერმა“ „გაგრას“ უმასპინძლა და უგოლოდ დასრულებულ შეხვედრაში ქულები გაინაწილა – 0:0.
30 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 54 ქულა დააგროვა და, ვიდრე ბათუმის „დინამო“ და „იბერია“ მიმდინარე ტურის მატჩებს ჩაატარებენ, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა. „გაგრამ“ (30) და „სპაერმა“ (27) კი, შესაბამისად, მე-8 და მე-9 ადგილები შეინარჩუნეს.