ეროვნული ლიგა | „დინამო თბილისმა“ ახალი სეზონი „სამგურალთან“ მოგებით დაიწყო #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „დინამო თბილისმა“ ახალი სეზონი „სამგურალთან“ მოგებით დაიწყო #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ეროვნული ლიგის სეზონი წყალტუბოს „სამგურალთან“ შეხვედრით დაიწყო და პირველი გამარჯვება მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მოიპოვა – 2:1.

„დინამო არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში თბილისელებს ახალწვეულების ნაწილი ვერ დაეხმარა – საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველები, კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვაკო გვილია. ისინი, ისევე როგორც ნიკა ქუთათელაძე, ჯერ „დინამოს“ განაცხადში ვერ შეიყვანეს.

ამ მატჩში თბილისელების სასტარტო შემადგენლობაში 11-ვე მოთამაშე „დინამოს“ აკადემიის აღზრდილი იყო – 16 წლის საბა ხარებაშვილი, 17 წლის ლუკა წულაია, ნიკოლოზ ჩიქოვანი, გიორგი გვასალია და ვახტანგ სალია. გუნდის კაპიტანი 22 წლის საბა ხვადაგიანი იყო, ყველაზე უფროსი კი – 23 წლის ირაკლი იაკობიძე და ოთარ აფციაური.

ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა – სტუმართა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ირაკლი იაკობიძემ ისარგებლა. „სამგურალს“ ხუთ წუთში შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ დავით მუჯირის მიერ დარტყმული პენალტი „დინამოს“ 20 წლის მეკარემ, მიხეილ მაქაცარიამ მოიგერია, დამატებაზე გატანილი გოლი კი თამაშგარის გამო გაუქმდა.

სამგურალმა“ წონასწორობა მაინც აღადგინა. მე-60 წუთზე „დინამოს“ კარში მეორე პენალტი დაინიშნა, რომელიც ლუკა ხორხელმა მოიპოვა და თავადვე უნაკლოდ შეასრულა. ხორხელს მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან ბურთი ძელს მოარტყა.

წყალტუბოელებმა ქულის შენარჩუნება მაინც ვერ მოახერხეს, შეხვედრის ბედი შეცვლაზე შესულმა „დინამოს“ ნახევარმცველმა, ნიკა ნინუამ (90+5) ეფექტური შორეული დარტყმით გადაწყვიტა და გუნდს პირველი გამარჯვება მოუტანა.