ეროვნული ლიგა | „დინამო თბილისისა“ და „სამგურალის“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-20 ტურში „დინამო თბილისმა“ „მიხეილ მესხი 2“-ზე წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 1:1.
ანგარიში 63-ე წუთზე გაიხსნა. სტუმართა კონტრშეტევისას დემურ ჩიხლაძემ ბურთი ბრაზილელ ლეგიონერს, ველისონს გადააწოდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა.
თბილისელებმა წონასწორობა 71-ე წუთზე აღადგინეს. გიორგი ლორიამ ზუსტი გადაცემით მეკარესთან პირისპირ თორნიკე მორჩილაძე გაიყვანა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია – 1:1.
20 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 33 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილი შეინარჩუნა, ხოლო „სამგურალი“ (22) მე-6 პოზიციაზეა.