ეროვნული ლიგა | „დილას“ მოუგებელი სერია გრძელდება - „სიონმა“ „გაგრას“ გადაასწრო #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „დილას“ მოუგებელი სერია გრძელდება - „სიონმა“ „გაგრას“ გადაასწრო #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში 23-ე ტური გორში გამართული შეხვედრით დაიწყო – „დილამ“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და მოულოდნელად დამარცხდა 1:2.

ზაფხულში „დილა“ საგრძნობლად დასუსტდა. ეს „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ გამართულ შეხვედრაშიც გამოჩნდა. გუნდმა რამდნეიმე ლიდერი დაკარგა, სათანადო შევსება კი ჯერ ვერ მიიღო და ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერთან ვერაფერს გახდა.

თუმცა, გორელებისთვის მატჩი კარგად დაიწყო – 25-ე წუთზე „დილას“ უკრაინელმა ახალწვეულმა, იური ბატიუშინმა მცველის შეცდომით ისარგებლა და ეფექტური შორეული დარტყმით გუნდი დაწინაურდა.

ბოლნისელებში გამორჩეული 21 წლის ნიკა ხორხელი იყო, რომელმაც 49-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, ჯარიმა კი გოლად ივანე ფოცხვერიამ აქცია. 56-ე წუთზე „სიონი“ კოტდივუარელმა ახალწვეულმა, გი გნაბუიუმ ისევ ხორხელის გადაცემის შემდეგ დააწინაურა.

საბოლოოდ, „სიონმა“ 2:1 მოიგო, 23 ტურის შემდეგ 25 ქულა დააგროვა – შედეგად გუნდმა „გაგრას“ (23) გადაასწრო და მე-8 ადგილზე დაწინაურდა. „დილამ“ (34) ზედიზედ მეხუთე მატჩი ვერ მოიგო და მე-4 პოზიციაზე დარჩა.

23-ე ტურის დარჩენილი შეხვედრები 26 და 27 აგვისტოს გაიმართება. ტურის მთავარი მატჩი 26 აგვისტოს გორის „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ იქნება, სადაც „საბურთალო“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს.