ეროვნული ლიგა | „დილამ“ კონკურენტი „სამგურალი“ დაამარცხა - გორელები მესამე ადგილზე გავიდნენ და კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში სეზონის ბოლო მატჩი გორში მესამე ადგილისთვის მებრძოლ გუნდებს შორის გაიმართა – „დილა“ წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა.

ბოლო ტურის წინ წყალტუბოს „სამგურალი“ 57 ქულით მესამე ადგილზე იყო და ერთი ქულით ასწრებდა „დილას“, რომელმაც კონკურენტი საკუთარ მოედანზე მიიღო. „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში გორელებმა 31-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის გოლით გახსნეს და ტაიმი 1:0 მოიგეს.

გორელებმა უპირატესობა მეორე ტაიმში გაზარდეს. 69-ე წუთზე „სამგურალის“ კარი ტიერი გეილიმ აიღო, ხოლო 90-ე წუთზე ნუგზარ სპანდერაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0 „დილას“ სასარგებლოდ.

ამრიგად, გორის „დილამ“ 59 ქულა დააგროვა, „სამგურალს“ (57) გადაასწრო, ზედიზედ მესამედ მოიპოვა ბრინჯაოს მედლები და შესაბამისად, ევროტურნირებზე თამაშის უფლება.