ეროვნული ლიგა | „დილამ“ და „იბერიამ“ მოიგეს – ეროვნული ლიგის გამარჯვებული ბოლო ტურში გაირკვევა #1TVSPORT

15:50, 30.11.2025

საქართველოს ეროვნულ ლიგაში ბოლოსწინა, 35-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

ფოთში „კოლხეთი“ (ეროვნული ლიგიდან უკვე გავარდა) გორის „დილასთან“ 1:4 დამარცხდა. სტუმრებიდან თავი შოთა შეყილაძემ, ოთარ ფარულავამ, სირილ ედუძიმ და აბუბაქარ კონტემ გამოიჩინეს. მასპინძლებიდან გოლი გიორგი კვირკველიას ანგარიშზეა. ფოთელები მეორე ტაიმში 10 ფეხბურთელით დარჩნენ – არბიტრმა 58-ე წუთზე მოედანი სულეიმან მეიტეს დაატოვებინა.

თბილისის „იბერიამ“ სტუმრად საგარეჯოს „გარეჯს“ 4:0 სძლია. ამირან ძაგანიამ დუბლი გიორგი ჯინჯოლავას საგოლე გადაცემებით შეასრულა, თითო გოლი ნიკა დადიანმა და გურამ გოშთელიანმა გაიტანეს. 39-ე წუთზე სერგო კუხიანიძე უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს და მასპინძლებმა თამაში 10 მოთამაშით დაასრულეს.

„დილას“ და „იბერიას“ ისევ თანაბარი ქულები (77) აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვევა. თუკი ორივე გუნდი მოიგებს, უკეთესი დამატებითი მაჩვენებლით ოქროს მედლებს „იბერია“ დაეუფლება, რადგან „დილა“ ოთხივე ურთიერთშეხვედრაში დაამარცხა.

უკვე გაირკვა, რომ ეროვნულ ლიგაში დასარჩენ პლეი ოფში საგარეჯოს „გარეჯი“ და „თელავი“ ითამაშებენ.

დღეს 35-ე ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართება, ხვალ კი – ერთი.

30 ნოემბერი

19:00 | „დინამო“ თბ – „ტორპედო“

20:00 | „სამგურალი“ – „დინამო“ ბთ

1-ელი დეკემბერი

19:00 | „გაგრა“ – „თელავი“

მსგავსი