ეროვნული ლიგა | ჩემპიონობისთვის მებრძოლი „დინამო თბილისი“ „გაგრასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | ჩემპიონობისთვის მებრძოლი „დინამო თბილისი“ „გაგრასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

მეორეადგილოსანმა „დინამო თბილისმა“ ეროვნულ ლიგაში „გაგრას“ უმასპინძლა და მოულოდნელად, ბოლოდან მეორე ადგილზე მყოფ აუტსაიდერთან 0:1 დამარცხდა.

„დინამო არენაზე“ გამართული 30-ე ტურის შეხვედრა „გაგრამ“ უკეთესად დაიწყო და 32-ე წუთზე დაწინაურდა. ანრი მექვაბიშვილი შეცდა და ბურთი მეტოქის მცველს, საბა მამაცაშვილს გადააწოდა, რომელმაც შორიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა – 0:1.

მეორე ტაიმში საინტერესო ბევრი არაფერი მომხდარა. ალბათ, მხოლოდ იმ ფაქტს თუ გამოვარჩევთ, რომ ტრავმა მოირჩინა, მოედანს დაუბრუნდა და „დინამო თბილისში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ვატო არველაძემ. „დინამო“ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და საბოლოოდ 0:1 დამარცხდა.

ამ მოგებით 30 ტურის შემდეგ „გაგრამ“ 29 ქულა დააგროვა და მერვე ადგილზე მყოფ „სამტერდიას“ დაეწია, „დინამო თბილისი“ (55) კი მეორე ადგილზე დარჩა და სეზონის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ ცხრა ქულით ჩამორჩება, რაც თბილისელთა საჩემპიონო შანსებს მინიმუმამდე ამცირებს.