ეროვნული ლიგა | ბათუმში ლიდერების შეხვედრა „იბერიამ“ მოიგო #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ლიდერების დაპირისპირება ბათუმში გაიმართა – „დინამომ“ მოქმედ ჩემპიონს, თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა და უხვგოლიან შეხვედრაში დამარცხდა 2:3.
მე-13 ტურის მთავარმა მატჩმა მოლოდინი გაამართლა. განსაკუთრებით სანახაობრივი პირველი ტაიმი გამოდგა, რომელშიც ბათუმელები მე-18 წუთზე დაწინაურდნენ – ლუკა წულუკიძის გადაცემით გიტის პაულაუსკასმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა.
„იბერიამ“ ხუთ წუთში წონასწორობა აღადგინა – იური ტაბატაძემ მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა და კარის წინ ირაკლი სიხარულიძე მონახა, რომელმაც ზუსტად დაარტყა. 39-ე წუთზე კი ტაბატაძემ შეტევა თავად დაგვირგვინა და თბილისელები წინ გაიყვანა – 2:1.
ბათუმელებმა ანგარიში სწრაფად გაათანაბრეს – 44-ე წუთზე ალბანელმა ნახევარმცველმა უერდი მარამ სტუმართა საჯარიმოში არეულობით ისარგებლა – 2:2.
82-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა გიორგი ჯინჯოლავამ ბათუმელებს მესამედაც გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ბათუმის „დინამო“ მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა და 13 ტურის შემდეგ 24 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „იბერიამ“ (33) პირველი ადგილი შეინარჩუნა და კონკურენტებთან უპირატესობაც გაზარდა.