ეროვნული ლიგა | ბათუმის „დინამომ“ მოიგო – „დილამ“ „თელავი“ დაამარცხა #1TVSPORT

23:12, 28.03.2025

გორის „დილამ“ ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში „თელავს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით – 6:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და 3:0 დაწინაურდნენ. ანგარიში 31-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ გახსნა, ხოლო შემდეგ შოთა შეყილაძემ ოთარ ფარულავას ასისტებით დუბლი შეასრულა (44′, 45+1′).

„დილას“ თავდამსხმელმა 51-ე წუთზე მესამედაც გაიტანა და ჰეთთრიქი გაიფორმა, ხოლო სამი წუთის შემდეგ ჟოაო არაუჟომ კიდევ უფრო გაზარდა ანგარიში. „თელავის“ მოთამაშე დავით კუტალიამ 67-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ეს მხოლოდ მცირე კომპენსაცია აღმოჩნდა სტუმრებისთვის. საბოლოო წერტილი 81-ე წუთზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა პენალტით დასვა და „დილამ“ 6:1 მოიგო.

ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმში გაიმართა, სადაც ადგილობრივი „დინამო“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და 1:0 სძლია. ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე, შესანიშნავი ინდივიდუალური მოქმედების შედეგად, რეზი ინჯგიამ გაიტანა.

მსგავსი