ეროვნული ლიგა | ბათუმის „დინამომ“ გორის „დილა“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | ბათუმის „დინამომ“ გორის „დილა“ დაამარცხა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ ეროვნულ ლიგაში ვიცე-ჩემპიონს, გორის „დილას“ უმასპინძლა და, დაძაბულ დაპირისპირებაში კაცნაკლულად დარჩენის მიუხედავად, მეტოქე მაინც დაამარცხა – 3:2.

ბათუმში გამართული მე-17 ტურის შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და სწრაფადვე დაწინაურდნენ: მე-9 წუთზე ნიკა კალანდარიშვილმა პენალტით ანგარიში გახსნა, ორ წუთში კი დმიტრი მანდრიჩენკომ „დინამოს“ უპირატესობა გაზარდა. თუმცა შესვენებამდე გორელთა ლეგიონერმა, აბდულმალიკ ოლატუნჯიმ (36-ე წთ.) სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

58-ე წუთზე არბიტრმა მასპინძელთა მეკარე ლაზარე კუპატაძე საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშის გამო მოედნიდან გააძევა. რიცხობრივი უპირატესობით გორელებმა 84-ე წუთზე ისარგებლეს და ბლანკსონ ანოფის გოლით წონასწორობა აღადგინეს. მიუხედავად ამისა, 87-ე წუთზე კაცნაკლულმა „დინამომ“ მეორე პენალტი მოიპოვა, რომელიც კვლავ ნიკა კალანდარიშვილმა გამოიყენა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 17 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 24 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზეა, ხოლო „დილა“ 20 ქულით მისთვის უჩვეულო, მე-8 პოზიციაზე იმყოფება.