ეროვნული ლიგა | ბათუმის „დინამომ“ ბოსნიელი ლეგიონერი დაიმატა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ბოსნიელი ნახევარმცველი ამარ ბეგიჩი დაიმატა, რომელიც ბოლოს თურქეთის პირველი ლიგის „შანლიუფასპორში“ თამაშობდა – ინფორმაციას ბათუმის კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„25 წლის ბოსნიელი ნახევარმცველი ამარ ბეგიჩი ჩვენი გუნდის წევრი გახდა. ფეხბურთელს აქვს ეროვნულ ლიგაში ასპარეზობის გამოცდილებაც – ის რამდენიმე თვის განმავლობაში „თელავის“ ღირსებას იცავდა“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამარ ბეგიჩმა კარიერა 2019 წელს ბოსნიურ კლუბ „მლადოსტ დობოიში“ დაიწყო. 2021 წელს ბანია ლუკას „ბორაცში“ გადავიდა, სადაც ორი სეზონი ითამაშა, 2023 წელს კი „თელავში“ ჩაირიცხა და სეზონის ბოლოს გუნდი დატოვა.
ბეგიჩი „ბორაციდან“ ჯერ ბოსნიის ახალგაზრდულ ნაკრებში (12 მატჩი) მიიწვიეს, ერთხელ კი ეროვნული გუნდის მაისურაც მოირგო და 2021 წლის 19 დეკემბერს აშშ-ის ნაკრებთან (0:1) 40 წუთი ითამაშა.