ეროვნული ლიგა 3 | დავით კვირკველია „არაგვს“ გაწვრთნის #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 3 | დავით კვირკველია „არაგვს“ გაწვრთნის #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „არაგვს“ საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი დავით კვირკველია გაწვრთნის – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

44 წლის კვირკველია თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ. სხვადასხვა დროს ასპარეზობდა ფოთის „კოლხეთში“, თბილისის „დინამოში“, ვლადიკავკაზის „ალანიაში“, ზაპოროჟიეს „მეტალურგში“, ყაზანის „რუბინში“, მახაჩყალის „ანჟიში“, ნეა სმირნის „პანიონიოსში“, ფამაგუსტას „ანორთოსისში“, გორის „დილაში“, „სამტრედიაში“, ბათუმის „დინამოსა“ და „რუსთავში“.

კვირკველია არის საქართველოს ჩემპიონი და ქვეყნის თასის სამგზის მფლობელი, რუსეთის პირველობის ორგზის გამარჯვებული. დავითმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 58 მატჩი ჩაატარა და წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდის შეუცვლელი ფეხბურთელი გახლდათ.

სამწვრთნელო ასპარეზზე გადანაცვლების შემდეგ კვირკველია ფოთის „კოლხეთის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, ხოლო 2022-24 წლებში გუნდის სამწვრთნელო შტაბში იმუშავა. „არაგვში“ მისი ასისტენტი პაპუნა გასვიანი იქნება. 41 წლის გასვიანს ასაკობრივ გუნდებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ბოლოს ის საგარეჯოს „გარეჯის“ მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

„არაგვის“ სპორტული დირექტორის თანამდებობას შოთა ჩომახიძე დაიკავებს, მეკარეების მწვრთნელად კი ალექსანდრე ჩომახიძე იმუშავებს. ადმინისტრატორის პოსტს ვახტანგ კობაიძე ჩაიბარებს.