ეროვნული ლიგა 2 | ბოლნისის „სიონი“ ახალი სეზონისთვის ემზადება #1TVSPORT
ბოლნისის „სიონი“ ეროვნული ლიგა 2-ის ახალი სეზონისთვის ემზადება. გუნდმა შეკრებაზე ხუთი ამხანაგური შეხვედრა გამართა და არ დამარცხებულა.
ბოლნისელებმა მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე „დინამო თბილისი 2“ 3:1 დაამარცხეს. „სიონიდან“ თავი დათა სიჭინავამ, ანდრია ხორხელმა და ახალწვეულმა საბა ზოიძემ გამოიჩინეს.
ჭელიძის გუნდმა ეროვნულ ლიგა 2-ში აღზევებულ „იბერია 2“-თან (0:0) და ტყიბულის „მეშახტესთან“ (3:3) ფრედ ითამაშა – თავი გოჩა ცირდავამ და დათა სიჭინავამ გამოიჩინეს. მესამე გოლი კი სტუმართა მოთამაშემ საკუთარ კარში ჩაჭრა.
„სიონი“ 19 თებერვალს ეროვნული ლიგის „გაგრას“ დაუპირისპირდა და საბა ზოიძის გოლით 1:0 მოუგო, ხოლო ბოლო საკონტროლო მატჩში „შტურმს“ ლუკა ჩაგანავასა და გოჩა ცირდავას გოლებით 2:0 სძლია.
„სიონმა“ რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა. გუნდს წყალტუბოს „სამგურალიდან“ ორი თავდამსხმელი შეუერთდა – 28 წლის ალექსანდრე ვერულიძე და 19 წლის ლუკა შეროზია, დუშეთის „არაგვიდან“ გამოცდილი მცველი, დავით მაისაშვილი დაიმატეს, ხოლო 27 წლის ნახევარმცველმა, გოჩა ცირდავამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.